სერტიფიკაციის სქემა - უძრავი ქონების შეფასება

სერტიფიკაციის სქემა - უძრავი ქონების შეფასება

აკრედიტაციის სქემა - უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიცირება

სარჩევი

მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

მუხლი 4. სერტიფიკაციის ზოგადი ეტაპები

მუხლი 5. მოთხოვნები განმცხადებლებისთვის

მუხლი 6. განცხადება სერტიფიკაციაზე და საფასური

მუხლი 7. კანდიდატად აღიარება და გამოცდის დანიშვნა

მუხლი 8. სერტიფიკაციის პროგრამა და გამოცდის ეტაპები

მუხლი 9. სერტიფიკატის გაცემა და მოქმედების ვადა

მუხლი 10. აპელაცია

მუხლი 11. რესერტიფიკაცია

მუხლი 12. სერტიფიცირებულ პირთა რეესტრი

მუხლი 13. მონიტორინგი

მუხლი 14. სერტიფიკატის შეჩერება, გაუქმება

დანართი 1. გამოცდის ადგილი და პროცესი

დანართი 2. წერითი გამოცდის ჩატარების წესები და პირობები

დანართი 3. ზეპირი გამოცდის პროცედურა

დანართი 4. ინსტრუქცია კანდიდატისთვის

დანართი 5. უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიცირების სფეროს აღწერა

 

 

მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო

1. “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 თავის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სერტიფიკაციის სქემა განსაზღვრავს უძრავი ქონების შეფასების სფეროში პროფესიული სერტიფიკაციის ჩატარების წესებსა და პროცედურებს.

2. სერტიფიკაციის სქემა შემუშავებულია სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 სტანდარტის მოთხოვნათა და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVS) სტანდარტების გათვალისწინებით. სერტიფიკაციის პროცესში მონაწილე მხარეებისათვის “სერტიფიკაციის სქემა” ითვლება აუცილებელ და ძირითად დოკუმენტად.

3. სერტიფიკაციის სქემის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას ითხოვს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნები, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ან სფეროს/ბაზრის საქმიანობის თავისებურებები. სერტიფიკაციის სქემის შემუშავება და მასში  შესწორებების შეტანა ხდება სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

  

  • უძრავი ქონების შემფასებელი - პირი, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც წარმოადგენს უძრავი ქონების ღირებულების შეფასება და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
  • განმცხადებელი - პირი, რომელსაც სურს უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატის მოპოვება და წარმოადგენს განცხადებას სერტიფიკაციის გავლის მიზნით.
  • კანდიდატი - პირი, რომლის განაცხადი სერტიფიკაციაზე იქნება სერტიფიკაციის ორგანოს მიერ მისი განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დაშვებული იქნება სერტიფიკაციის გამოცდაზე.
  • სერტიფიკაციის ორგანო - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ფიზიკური პირების სერტიფიცირებას და მის მიერ სერტიფიცირებული პირების საქმიანობის სერტიფიკაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგს. წინამდებარე სქემაში მოხსენიებულ სერტიფიკაციის ორგანოში იგულისხმება ა(ა)იპ „საერთაშორისო საშემფასებლო აკადემიის“ სერტიფიკაციის ორგანო.
  • საგამოცდო კომიტეტი - უძრავი ქონების შეფასების სპეციალისტებისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატების შეფასებას სერტიფიკაციის ორგანოში ჩატარებულ გამოცდებზე.
  • სააპელაციო კომიტეტი - უძრავი ქონების შეფასების სპეციალისტებისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც განიხილავს კანდიდატთა საჩივრებს გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით.
  • საჩივრის განმხილველი კომიტეტი - უძრავი ქონების შეფასების სპეციალისტებისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც განიხილავს სერტიფიკაციის ორგანოში წარდგენილ საჩივრებს სერტიფიცირებულ პირებთან დაკავშირებით.
  • სერტიფიცირება - სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებლის კვალიფიციურობის დადგენა და მისი შესაბამისობის აღიარება სერტიფიკაციის მოთხოვნებთან.
  • სერტიფიკატი - სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სერტიფიცირებული პირის მიერ სერტიფიკაციის წარმატებით გავლას, შეფასების სფეროსა და მოქმედების ვადის მითითებით.
  • სერტიფიკაციის საფასური - წინამდებარე სქემით განსაზღვრული მოსაკრებელი, რომელიც გათვალისწინებულია სერტიფიკაციის პროცესში მონაწილეობისთვის და რომლის ოდენობასაც ადგენს სერტიფიკაციის ორგანო.
  • სერტიფიკაციის პროგრამა -
  • წერითი გამოცდა - კანდიდატის მიერ ჩასაბარებელი გამოცდა, რომელიც მოიცავს ტესტირებასა და პრაქტიკულ ამოცანებს.
  • ზეპირი გამოცდა - კანდიდატის მიერ ჩასაბარებელი გამოცდა, რომელიც გულისხმობს გამომცდელების კითხვებზე პასუხის გაცემას და საშემფასებლო ანგარიშის პრეზენტაციას ვერბალურად.
  • შეფასების ანგარიში - წერილობითი დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია დამკვეთისთვი/დამქირავებლისთვის და მოიცავს ამა თუ იმ უძრავი ქონების ღირებულების შეფასებას საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტებზე (IVS) დაფუძნებით.
  • მონიტორინგი - სერტიფიცირებული პირების საქმიანობის შესაბამისობა სერტიფკაციის მოთხოვნებთან.
  • რესერტიფიკაცია - განმეორებითი სერტიფიკაცია, რომელიც ადასტურებს შემფასებლის კვალიფიციურობას და შესაბამისობას სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ.

 

 

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე ნორმები არეგულირებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების წესს შემფასებლის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისათვის.

2. სერტიფიკაციის ორგანო უზრუნველყოფს საგამოცდო კომიტეტის ფორმირებას და გამოცდის ჩატარებას წინამდებარე სქემით დადგენილი წესით.

3. სერტიფიკაციის ორგანოს საგამოცდო კომიტეტის წევრები (გამომცდელები) არიან სფეროს სპეციალისტები, რომლებიც აფასებენ კანდიდატებს, ხოლო სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილებას იღებს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი გამოცდის შედეგების საფუძველზე.

 

მუხლი 4. სერტიფიკაციის ზოგადი ეტაპები

1. სერტიფიკაცია შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

ა) განმცხადებლების მხრიდან სერტიფიკაციის მოთხოვნა;

ბ) სერტიფიკაციის გამოცდა (წერითი და ზეპირი);

გ) სერტიფიკატის გაცემა.

2. წერითი გამოცდის თარიღამდე არანაკლებ 2 კალენდარული თვით ადრე სერტიფიცირების ორგანო ვებგვერდზე გამოაქვეყნებს გამოცდაში მონაწილეობის პირობებს, სერტიფიცირების თემებს/ბიბლიოგრაფიას, სერტიფიცირებაში მონაწილეობის მიღებისთვის განაცხადის ფორმასა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნუსხას, განაცხადების მიღების ვადას და სერტიფიცირების სესიის დღის წესრიგს.

 

 

მუხლი 5. მოთხოვნები განმცხადებლებისთვის

  1. სერტიფიკაციაზე განცხადების შემოტანა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც:

ა) მიღებული აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება;

ბ) აღიარებს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დამტკიცებულ სერტიფიკაციის სქემას;

გ) იცნობს და აღიარებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (IVS) და აქვს უძრავი ქონების შემფასებლისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები

 

მუხლი 6. განცხადება სერტიფიკაციაზე და საფასური

  1. სერტიფიცირების მსურველმა პირმა სერტიფიკაციის ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები (დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ასევე, ელექტრონულად):

ა) შევსებული განაცხადის ფორმა მოთხოვნილი სერტიფიკაციის სფეროს შესაბამისად;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

გ) განახლებული რეზიუმე (CV);

დ) უმაღლესი და/ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;

ე) მატერიალური უძრავი ქონების საშემფასებლო ანგარიშები (ერთი ან რამდენიმე) ქართულ ენაზე, რომლებიც მოიცავენ შეფასების სამივე მეთოდს.

* შეფასების ანგარიშები უნდა იყოს მომზადებული კანდიდატის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ანგარიშები შესაბამისობაში უნდა იყოს შეფასების თარიღისათვის მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებთან. შეფასების ანგარიშების წარდგენა ხდება როგორც ბეჭდური, ასევე, ელექტრონული ფორმით. საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიცირების ორგანოს მოთხოვნით, კანდიდატები Excel-ის ფორმატში წარმოადგენენ გამოთვლით მოდელებს.

  1. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს სერტიფიცირების ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სერტიფიცირების სესიის დღის წესრიგით განსაზღვრულ ვადებში.
  2. სერტიფიკაციის საფასური შედგება ორი კომპონენტისგან (ტესტირება, ზეპირი გამოცდა), რომლის გადახდის თაობაზეც სერტიფიცირების ორგანო შეატყობინებს განმცხადებელს მისი კანდიდატად აღიარების შემდგომ შესაბამისი რეკვიზიტებისა და საფასურის ოდენობის მითითებით.
  3. კანდიდატმა სერტიფიკაციის ორგანოს უნდა წარუდგინოს სერტიფიკაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სერტიფიკაციის ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე.

 

მუხლი 7. კანდიდატად აღიარება და გამოცდის დანიშვნა

 

  1. სერტიფიკაციის ორგანო შეისწავლის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას მისი კანდიდატად აღიარების თაობაზე.
  2. სერტიფიცირების კანდიდატად განმცხადებლის აღიარების ზოგადი პირობებია:

ა) მიღებული აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება;

ბ) აღიარებს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დამტკიცებულ სერტიფიკაციის სქემას;

გ) წარმოდგენილი აქვს განაცხადი და სერტიფიცირების სქემის მიხედვით მოთხოვნილი დოკუმენტები. 

  1. განმცხადებელს, რომელსაც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ეცნობება აღნიშნულის შესახებ და განესაზღვრება სერტიფიკაციის საფასურის გადახდის ვადა.
  2. სერტიფიკაციის ორგანო გამოცდამდე 5 სამუშაო დღით ადრე აცნობებს ყველა კანდიდატს გამოცდის ჩატარების ზუსტ დროსა და ადგილს.

 

მუხლი 8. სერტიფიკაციის პროგრამა და გამოცდის ეტაპები

  1. სერტიფიკაციის გამოცდა ტარდება სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადგენილი პროგრამის საფუძველზე, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას იღებენ სფეროს ექსპერტები.
  2. გამომცდელები, რომლებიც აფასებენ კანდიდატთა შესაბამისობას პროგრამით დადგენილ მოთხოვნებთან, არ იცნობენ საგამოცდო საკითხებს წინასწარ, ამასთან, მათ არ აქვთ გაწეული კანდიდატებისთვის სასწავლო მომსახურება.
  3. სერტიფიკაცია მოიცავს წერით და ზეპირ გამოცდას. ზეპირ გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ წერითი გამოცდისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს.
  4. წერითი გამოცდა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) ტესტირება (100 კითხვიანი ტესტი 4 შესაძლო პასუხით) – 120 წუთი;

ბ) 4 პრაქტიკული ამოცანა  120 წუთი.

  1. საგამოცდო საკითხები ფორმულირებულია სერტიფიკაციის შესაბამისი სფეროს პროგრამის საფუძველზე, რომლებიც არ იქნება გამეორებული შემდგომში სხვა გამოცდაზე. სერტიფიკაციის ორგანო ყოველი გამოცდის წინ არანაკლებ 40%-ით განაახლებს წინა გამოცდების დროს წარმოდგენილ ტესტებს, რომლებიც სერტიფიკაციის ერთი სესიის მონაწილე კანდიდატებს მიეწოდებათ ერთდროულად უშუალოდ გამოცდის დაწყების წინ. სერტიფიკაციის ყოველი შემდგომი სესიისთვის ტესტის შემადგენლობა (პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მოცვის, სწორი პასუხის შესაბამის ქულათა რაოდენობისა და სირთულის მიხედვით) არის ერთგვაროვანი.
  2. წერითი გამოცდის ჩასაბარებლად მინიმალურმა ქულამ უნდა შეადგინოს ქულათა სრული რაოდენობის სულ მცირე 70% პირველ ეტაპზე (ტესტირება), ხოლო ქულათა მაქსიმალური რაოდენობის სულ მცირე 50% - მეორე ეტაპზე (პრაქტიკული ამოცანები).
  3. წერითი გამოცდის შეფასება ხდება შემდეგნაირად:

ა) ტესტის თითოეულ კითხვას აქვს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი, რომელიც ფასდება ერთი ქულით;

ბ) თითოეული პრაქტიკული ამოცანა ფასდება მაქსიმუმ ხუთი ქულით.

8. იმისათვის, რომ წერითი გამოცდა ჩაითვალოს ჩაბარებულად, კანდიდატმა საერთო ჯამში უნდა დააგროვოს 78 ქულა ან მეტი.

9. ზეპირ გამოცდაში მონაწილეობას მიიღებენ ის კანდიდატები, რომლებიც წერით გამოცდაზე   მიიღებენ დადებით შეფასებას (არანაკლებ 78 ქულა);

10. ზეპირი გამოცდა ჩატარდება სერტიფიცირების სესიის დღის წესრიგის (გრაფიკის) შესაბამისად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს წერითი გამოცდის ეტაპი.

11. ზეპირ გამოცდაზე გამომცდელები შეკითხვებს დასვამენ სერტიფიკაციის სქემით მოთხოვნილი კომპეტენციის ფარგლებში, ამასთან, წერითი გამოცდის შედეგებისა და განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი შეფასების ანგარიშების საფუძველზე.

  1. ზეპირ გამოცდაზე კანდიდატის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიშ(ებ)ი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) შეფასების ანგარიშის შესაბამისობა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან (IVS);

ბ) ანგარიშის პრეზენტაცია და კითხვებზე პასუხი.

  1. ინფორმაცია გამოცდაზე მიღებული შედეგის შესახებ კანდიდატს გაეგზავნება ელექტრონულად, განაცხადის ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

 

 მუხლი 9. სერტიფიკატის გაცემა და მოქმედების ვადა

  1. სერტიფიკატი ფორმდება ერთიანი ფორმის ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი და დასტურდება ორგანოს ბეჭდით.
  2.  სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2  წელი მისი გაცემის დღიდან.
  3. სერტიფიკატი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სერტიფიცირებული პირის სახელი;

ბ) უნიკალურ  საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება;

დ) მითითება სერტიფიკაციის სქემაზე, სტანდარტზე ან სხვა შესაბამის დოკუმენტებზე, მათ შორის გამოცემის თარიღი, საჭიროების შემთხვევაში;

ე) სერტიფიკაციის სფერო;

ვ) სერტიფიკაციის ამოქმედების თარიღსა და მოქმედების ვადის გასვლის თარიღს.

  1. სერტიფიცირებული წევრების სია, სადაც მოცემულია სახელი და გვარი, სერტიფიკატის ნომერი და სერტიფიკაციის სფერო, გამოქვეყნდება სერტიფიკაციის ორგანოს ვებგვერდზე, სერტიფიკაციის ორგანოს რეესტრში.
  2. სერტიფიკატის შენახვაზე პასუხისმგებელია სერტიფიცირებული პირი, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში.
  3. სერტიფიცირებული პირი ვალდებულია ასევე დაუყოვნებლივ აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს გარემოებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის უნარზე, შეასრულოს პროფესიული საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს სერტიფიკაციის საფუძველზე ან/და სერტიფიკაციის ორგანოსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები.

 

მუხლი 10. აპელაცია

1. განმცხადებლებს, რომლებმაც ვერ გაიარეს განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების განხილვის ეტაპი ან ვერ მიიღეს დადებითი შეფასება წერით გამოცდაში, შეუძლიათ საჩივრის წარდგენა სერტიფიკაციის ორგანოში სერტიფიცირების სესიის გრაფიკით გათვალიწინებულ ვადებში.

2. სერტიფიკაციის ორგანოს სააპელაციო კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლების/კანდიდატების საჩივრებთან დაკავშირებით შემდეგ საკითხებზე:

ა) განაცხადის და თანმდევი დოკუმენტების განხილვის შედეგი;

ბ) წერით გამოცდაში მიღებული შედეგი.

3. სადავო საკითხის დეტალურად განმარტებული შედეგი განმცხადებელს/კანდიდატს ეგზავნება  ელექტრონული კომუნიკაციის ფორმატში განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, სერტიფიცირების სესიის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში.

 

მუხლი 11. რესერტიფიკაცია

 

  1. რესერტიფიკაცია წარმოადგენს პირის განმეორებით სერტიფიკაციას, რისთვისაც სერტიფიცირებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
  2. პირის რესერტიფიკაციის წინაპირობას წარმოადგენს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული პირის საქმიანობის მონიტორინგი. კერძოდ, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 1 თვით ადრე სერტიფიცირებული პირის მიერ უნდა შეივსოს მონიტორინგის ფორმა შემდეგი ინფორმაციის მითითებით:

ა) საქმიანობის ანგარიში, რომელიც შეიცავს კანდიდატის უშუალო მონაწილეობით ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული მინიმუმ 20 შეფასების ანგარიშის ჩამონათვალს (აღნიშნული ჩამონათვალიდან სერტიფიკაციის ორგანო ირჩევს ერთ ან რამდენიმე ანგარიშს, რომელსაც წარმოადგენს სერტიფიცირებული პირი);

ბ) უწყვეტი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (40 საათი ბოლო ორი წლის განმავლობაში).

  1. რესერტიფიკაციის მსურველი პირი, მონიტორინგის ფორმასთან ერთად, სერტიფიკაციის ორგანოში წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას (დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე, ელექტრონული ფორმით):

ა) განაცხადი რესერტიფიკაციის შესახებ;

ბ) მოქმედი სერტიფიკატის ასლი;

გ) განახლებული სამუშაო გამოცდილების ჩანაწერი (CV) ფოტოსურათით;

დ) სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შერჩეული, ბოლო 2  წლის განმავლობაში ქართულ (აუცილებლობის შემთხვევაში - ინგლისურ) ენაზე შესრულებული ერთი ან რამდენიმე შეფასების ანგარიში, რომლებიც ერთობლივად ფარავენ სამივე შეფასების მეთოდს. შეფასების ანგარიშები უნდა აკმაყოფილებდეს შეფასების თარიღისათვის მოქმედი შეფასების საერთაშორისო სტანდარტის (IVS) მოთხოვნებს;

ე) რესერტიფიკაციის საფასურის გადახდის ქვითარი.

  1. იმ შემთხვევაში, თუ რესერტიფიკაციის მსურველი პირი სრულად, სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმოადგენს რესერტიფიკაციისთვის განსაზღვრულ დოკუმენტაციას, სერტიფიკაციის ორგანო ატარებს ზეპირ გამოცდას, რაც გულისხმობს შეკითხვების დასმას წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის/ანგარიშების ირგვლივ და სტრუქტურულ გასაუბრებას.
  2. გადაწყვეტილებას ხელახალი სერტიფიკაციის შესახებ სერტიფიცირების ორგანო განმცხადებელს გაუგზავნის ელექტრონულად განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
  3. რესერტიფიკაციის შედეგების გასაჩივრებასა და რესერტიფიკაციის შედეგად მოპოვებული სერტიფიკატის ვადასთან დაკავშირებით მოქმედებს პირველადი სერტიფიკაციისთვის დადგენილი წესები.

 

მუხლი 12. სერტიფიცირებულ პირთა რეესტრი

  1. სერტიფიკაციის ორგანოში იწარმოება სერტიფიცირებულ პირთა რეესტრი, რომელშიც აღრიცხულია სერტიფიკატისა და სერტიფიცირებული პირის მონაცემები. აღნიშნული მონაცემები რეესტრში შეიტანება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
  2. სერტიფიცირებულ პირთა რეესტრის მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდება სერტიფიკაციის ორგანოს ვებგვერდზე შემდეგი მონაცემებით:

ა) სერტიფიცირებული პირის სახელი, გვარი;

ბ) სერტიფიკატის ნომერი, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა;

გ) სერტიფიკატის ასლი.

 

მუხლი 13. მონიტორინგი

  1. სერტიფიკაციის ორგანო ახორციელებს სერტიფიცირებული პირების საქმიანობის მონიტორინგს, რათა სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყოს შემფასებლის საქმიანობის შესაბამისობა სერტიფიკაციის მოთხოვნებთან.
  2. სერტიფიკაციის ორგანო სერტიფიცირებული პირის მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლის მათ საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს; განცხადებებსა და საჩივრებს (თუ ასეთი არსებობს), რომლებიც შესაძლოა წარადგინოს სერტიფიცირებული პირის დამკვეთმა/დამქირავებელმა.
  3. სერტიფიკაციის მოთხოვნების ან/და სერტიფიცირებულ პირთან დადებული ხელშეკრულების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიცირებული პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე, რაც შეიძლება გამოიხატოს სერტიფიკატის შეჩერებაში/გაუქმებაში.
  4. მონიტორინგის შედეგები აისახება შესაბამის ფორმაში.

 

მუხლი 14. სერტიფიკატის შეჩერება, გაუქმება

 

  1. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირებული პირი არღვევს პროფესიულ სტანდარტებს, სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადგენილ ნორმებს ან/და სერტიფიკაციის ორგანოსთან დადებულ შეთანხმებას, ან სხვაგვარად აღარ აკმაყოფილებს სერტიფიცირებული პირებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, სერტიფიკაციის ორგანომ უნდა მოიკვლიოს აღნიშნული გარემოებები, რის შედეგადაც გადაწყდება სერტიფიცირებული პირის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
  2. სერტიფიკაციის ორგანო ახორციელებს სერტიფიცირებული პირის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას შემდეგი საფუძვლით:
  • დამკვეთის/დამქირავებლის საჩივარი;
  • სერტიფიცირებული პირის დამსაქმებლის საჩივარი;
  • იმ დაწესებულების წერილობითი განაცხადი, რომელსაც წარედგინა სერტიფიცირებული პირის მიერ მომზადებული დოკუმენტი
  • მონიტორინგის დროს გამოვლენილი დარღვევები.
  1. საჩივარი/განცხადება უნდა შეიცავდეს საჩივრის ავტორის/განმცადებლის ვინაობას, საჩივრის ადრესატი სერტიფიცირებული პირის ვინაობას, მომჩივანის მოთხოვნასა და ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებსაც ემყარება საჩივარი.
  2. საჩივრის/განცხადების საფუძველზე სერტიფიციკაციის ორგანო უზრუნველყოფს საჩივრის განმხილველი კომიტეტის ფორმირებას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შიდა ან/და მოწვეული ექსპერტებით. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი პროფესიონალი შემფასებლისგან, რომლებიც შეისწავლიან სერტიფიცირებული პირის მიერ შესაძლო დარღვევის საკითხს და მოამზადებენ შესაბამის დასკვნას.
  3. სერტიფიცირებულ პირს ეცნობება მის მიმართ არსებული საქმის წარმოების შესახებ და განესაზღვრება ვადა ახსნა-განმარტებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სადავო ანგარიშის მასალების წარმოსადგენად.
  4. სერტიფიცირებული პირის საქმის შემსწავლელი კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, სერტიფიცირებულ პირს შეეფარდება შემდეგი სახის პასუხისმგებლობიდან ერთ-ერთი:
  • გაფრთხილება;
  • სერტიფიკატის შეჩერება;
  • სერტიფიკატის გაუქმება.
  1. მიღებული ზომები უნდა იყოს დეტალურად დასაბუთებული. განხილული დარღვევა და შესაბამისი სანქცია უნდა იქნეს დოკუმენტირებული სერტიფიცირებული პირის საქმეში.
  2. სერტიფიცირებული პირი, რომლის სერტიფიკატიც გაუქმდა ან შეჩერდა, ვალდებულია არ გამოიყენოს აღნიშნული სერტიფიკატი და შეწყვიტოს სერტიფიკატის სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობა იქამდე, ვიდრე მისი სერტიფიკატი არ იქნება მოქმედი სერტიფიკაციის ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად ან არ გაიცემა ახალი სერტიფიკატი.
  3. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება სერტიფიცირებულ პირს, აგრეთვე განმცხადებელს/მომჩივანს.
  4. პირს, რომელსაც გაუუქმდა სერტიფიკატი, 1 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სერტიფიკაციის პროცედურაში.
  5. სერტიფიკატის შეჩერების ან გაუქმების შესახებ ინფორმაციას სერტიფიკაციის ორგანო აქვეყნებს საჯაროდ.
  6. სერტიფიცირებულ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გაასაჩივროს სერტიფიკატის შეჩერება/გაუქმება.
  7. სერტიფიცირებულ პირს ასევე შეუძლია საკუთარი სურვილით თქვას უარი სერტიფიკატზე და გააუქმოს სერტიფიცირების ორგანოსთან დადებული შეთანხმება.

 

დ ა ნ ა რ თ ე ბ ი

                  

დანართი 1

გამოცდის ადგილი და პროცესი

 

1. გამოცდის ადგილი (დისტანციური ან არადისტანციური) კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით განაცხადში მითითებულ მეილზე.

2. წერილობითი გამოცდა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც დისტანციურად, ასევე არადისტანციურად - პროცესი იდენტურია, არადისტანციურად ჩატარების შემთხვევაში არ იქნება საჭირო ZOOM პლათფორმის გამოყენება, პროცესის ჩაწერა მოხდება საგამოცდო ცენტრის ვიდეო აპარატურით. დისტანციურის დროს კი ჩაწერა ZOOM პლატფორმის მეშვეობით განხორციელდება.

3. ზეპირი გამოცდა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც დისტანციურად (ZOOM პლატფორმით), ასევე არადისტანციურად - საგამოცდო ცენტრში.

 

 

დანართი 2.

წერითი გამოცდის ჩატარების წესები და პირობები

 

 

საგამოცდო პროცესი და ტექნოლოგია

  1. გამოცდის ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება  Zoom პროგრამით და Bookwidget ტექნოლოგიის გამოყენებით.
  2. კანდიდატი ვალდებულია შეამოწმოს (ან განაახლოს) ელექტრონული ფოსტა.
  3. კანდიდატი ელექტრონულ ფოსტაზე  მიიღებს შეტყობინებას  გამოცდის  დისტანციური ფორმით ჩატარების თარიღისა და  დროის  შესახებ.
  4. კანდიდატს საგამოცდო სივრცესთან დასაკავშირებლად წინასწარ ეცნობება ლექტორის Zoom-ის ID მისამართი და კოდი.
  5. კანდიდატი საგამოცდო ბილეთის ბმულს მიიღებს ZOOM პლატფორმაზე, სადაც ზედამხედველი ონლაინ რეჟიმში უკარნახებს მისთვის წინასწარ მინიჭებულ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც დაფიქსირდება საგამოცდო ნაშრომზე შემსრულებლის გრაფაში.
  6. გამოცდის მიმდინარეობას  აკონტოლებენ საგამოცდო კომიტეტის წევრი დამკვირვებელი (დამკვირვებლები).
  7. გამოცდაზე კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან სხვ).
  8. კანდიდატი სამუშაო ეკრანზე უნდა ჩანდეს თავისი სახელით და გვარით. დაუშვებელია მეტსახელების გამოყენება.
  9. კანდიდატი ვალდებულია გამოცდის მიმდინარეობის განმავლობაში  ჩართული ჰქონდეს ვიდეოკამერა
  10. კანდიდატს საგამოცდო სივრცეში შესვლა შეეძლება 20 წუთის განმავლობაში: 10 წუთი დადგენილ დრომდე და არაუმეტეს 10 წუთისა დადგენილი დროიდან. თუ კანდიდატი  ამ დროის გასვლის შემდეგ არ შემოუერთდა საგამოცდო სივრცეს, ჩაითვლება,  რომ  ის  გამოცდაზე არ გამოცხადდა.
  11. გამოცდის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია საუბარი და ხმაური.
  12. ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში კანდიდატი უკავშირდება დაკვირვებელს Zoom-ის პროგრამის ჩატის საშუალებით  (ან სხვა საკონტაქტო საშუალებებით. მათთვის  ცნობილი იქნება დამკვირვებლების ტელეფონის ნომრებიც).
  13. საგამოცდო ტესტების რაოდენობა - 100 მატერიალური მოძრავი ქონების შეფასების გამოცდაზე, 40-40 მოძრავი და ბიზნესის შეფასების გამოცდაზე. თითოეულ ტესტს ენიჭება 1 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.
  14. გამოცდის  მიმდინარეობის მთელი პერიოდი ჩაიწერება აუდიო და ვიდეო ფორმით და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება მტკიცებულებად.
  15. კანდიდატი  გამოცდიდან მოიხსნება, თუ დაარღვია შემდეგი პირობები:

ა/ გაითიშა/გამოირთო კამერა ან ხმა 2 წუთზე მეტი ხნით;

ბ/ დაფიქსირდა კარნახის, სხვებთან საუბრის, ლიტერატურის გამოყენების, რაიმე დამატებითი მასალის მიწოდების შემთხვევა ან არასათანადო მოძრაობები;

გ/ დამკვირვებლებს  ეძლევათ   მონიტორინგის ჩატარების და 15-„ბ“ პუნქტში ჩამოთვლილ გადაცდომებზე რეაგირების შესაძლებლობა;

დ/ გამოცდის ჩატარების შემდეგ, არაუგვიანეს ერთი დღისა, ჩანაწერის ანალიზით გამოვლინდება დარღვევები.

 

ნამუშევრის ჩაბარების პროცედურა და ფორმატი

  1. კანდიდატი, რომელიც დაასრულებს საგამოცდო ტესტს,  Bookwidget სისტემაში „Submit“ ღილაკზე დაჭერით აგზავნის მას სერტიფიცირების ორგანოს საკონტაქტო პირთან, ვისგანაც მიიღო გამოცდაზე დაშვების ბმული. ამისათვის, გამოტანილ ფანჯარაში სტუდენტმა უნდა შეიყვანოს შემდეგი ინფორმაცია:
  • ციფრული კოდი, რომელიც მას მიეთითა ზედამხედველის მიერ;
  • კანდიდატის ელექტრონული ფოსტის მისამართი (მოქმედი);

ამ პროცედურის შემდეგ გამოცდა ითვლება დასრულებულად!

  1. გამოცდის დასრულების შემდეგ კანდიდატი ვალდებულია დატოვოს Zoom-ის საგამოცდო სივრცე (ღილაკი „Leave Meeting“).

 

შეფასება და უკუკავშირი

  1. კანდიდატის ნამუშევარს გაგზავნისთანავე იღებს საკონტაქტო პერსონა, როგორც მის პირად ფოსტაზე, ისე Bookwidgets-ის პლატფორმაზე. ნაშრომში უკვე დაფიქსირებულია კანდიდატის მიერ მიღებული ქულა.
  2. კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს მისი საგამოცდო ნამუშევრის ნახვა.  ამისთვის სტუდენტმა უნდა დაწეროს განცხადება მისი პირადი email-იდან სერტიფიცირების ორგანოს ხელმძღვანელის სახელზე (განცხადების ტექსტი იხ. დანართში 1).
  3. შეფასებული საგამოცდო ნაშრომის ნახვა კანდიდატს შეეძლება ძირითადი გამოცდების ვადების დამთავრებიდან  5 სამუშაო დღის განმავლობაში. საკონტაქტო პერსონა Zoom-ის საშუალებით უზრუნველყოფს კანდიდატისთვის საგამოცდო ნაშრომის გაზიარება-გაცნობას.
  4. უკუკავშირის გრაფიკი კანდიდატს  ეცნობება მოგვიანებით.


აპელაცია

  1. თუ კანდიდატი არ ეთახმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია დაწეროს განცხადება მისი პირადი email-დან სერტიფიცირების ორგანოს ხელმძღვანელის სახელზე, კანდიდატის მიერ მითითებული ტესტის პირობის დაფიქსირებით (იხ. დანართი 2).
  2. საგამოცდო კომისია განხილავს კონკრეტულ შემთხვევას და  კანდიდატს შეატყობინებს პასუხს აპელაციების მართვის პროცედურის შესაბამისად.

 

 

შენიშვნა:

  1. გამოცდის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შესახებ კანდიდატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დამკვირებელს;
  2. საგამოცდო პროცესის დაწყებამდე კანდიდატი უნდა გაეცნოს გამოცდის დისტანციური ჩატარების წესებს

 

 

დანართი 3.

ზეპირი გამოცდის პროცედურა

1. ზეპირი გამოცდა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც დისტანციურად (ZOOM პლატფორმით), ასევე არადისტანციურად - საგამოცდო ცენტრში.

2. კანდიდატი იღებს ზეპირი გამოცდის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციას მეილზე

3. გამოცდას იღებს სამი გამომცდელი და აფასებს სერტიფიცირების ორგანოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

4. ზეპირი გამოცდის ხანგრძლიობა 30 წუთი.

5. გამოცდის შედეგები კანდიდატს ეცნობება მეილით.

 

 

დანართი 4.

ინსტრუქცია კანდიდატისთვის

 

განმცხადებელი (სერტიფიცირების მსურველი პირი):

  • კანდიდატი სერტიფიკაციის ორგანოს ვებ გვერდზე ეცნობა სერტიფიცირების სქემას;
  • სერტიფიკაციის ორგანოს ვებ გვერდიდან ჩამოტვირთავს განაცხადის ფორმას;
  • ავსებს განაცხადს, რომელშიც მითითებულია სერტიფიცირების სფერო (უძრავი, მოძრავი ან ბიზნესის შემფასების სფერო) და სერტიფიცირების ეტაპი (პირველადი სერტიფიცირება, რესერტიფიცირება)
  • შევსებულ განაცხადს და განაცხადში მოთხოვნილ დოკუმენტებს ელექტრონული სახით გადაგზავნის შემდეგ მეილზე: certifcation@iva.org.ge
  • სერტიფიკაციის დღის წესრიგით დადგენილ ვადაში იღებს პასუხს სერტიფიცირების ორგანოს თანამშრომლისგან სერტიფიცირების კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
  • კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ გადაიხდის განაცხადში მითითებულ წერითი გამოცდის გადასახადს.
  • კანდიდატს წერილობით ეცნობება წერილობითი გამოცდის ჩატარების თარიღი  და ადგილი გამოცდამდე სულ მცირე 5 დღით ადრე.
  • წერილობითი გამოცდის წარმატებული გავლის შემთხვევაში კანდიდატს ეცნობება ზეპირი გამოცდის ჩატარების თარიღი. ამ თარიღამდე იმავე მეილზე certifcation@iva.org.ge გადააგზავნის certifcation@iva.org.ge ზეპირი გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
  • ზეპირი გამოცდის ჩატარების შემდეგ ერთი კვირის ვადაში კანდიდატს მეილზე ეცნობება სერტიფიცირების ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ და წარმატების შემთხვევაში მისი მონაცემები აისახება რეესტრში.

გამოცდის  ნებისმიერი ეტაპის შედეგი შესაძლოა გასაჩივრდეს სააპელაციო კომიტეტში, ამისათვის კანდიდატი სერტიფიკაციის ორგანოს ვებ გვერდზე გაეცნობა აპელაციის პროცედურას, ჩამოტვირთავს აპელაციის ფორმას და მეილზე certifcation@iva.org.ge გაუგზავნის სერტიფიკაციის ორგანოს. სერტიფიკაციის ორგანო პროცედურით დადგენილ ვადაში აცნობებს კანდიდატს აპელაციის შედეგებს.

 

 

საგამოცდო პროცესი და კანდიდატებისთვის განკუთვნილი ქცევის წესები

 

  1. კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე დროულად. დაგვიანების შემთხვევაში, არ დაიშვება გამოცდაზე.
  2. კანდიდატი ვალდებულია იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაიშვება გამოცდაზე.
  3. კანდიდატმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და დაიკავოს ადგილი მისთვის განკუთვნილ მაგიდასთან.
  4. აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა საწერი კალმისა. ტესტები და ამოცანები უნდა შესრულდეს მხოლოდ მელნის ან ბურთულიანი ლურჯი ფერის კალმით;
  5. ზედმეტი ნივთები (მათ შორის, მობილური ტელეფონი და ყოველგვარი მოწყობილობა) კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ორგანიზაციის პერსონალს გამოცდაზე შესვლამდე.
  6. გამოცდის სრული პერიოდის განმავლობაში საგამოცდო ოთახში დაუშვებელია კანდიდატების მიერ რაიმე სახის კონსულტაციის ფორმის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენება, ასევე, სხვა კანდიდატთან კომუნიკაცია.
  7. თითოეული კანდიდატი მიიღებს სუფთა ფურცლების კომპლექტს. კანდიდატმა საგამოცდო ბილეთის თავფურცელზე შესაბამის გრაფებში უნდა შეიტანოს მისი პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია სხვა სიმბოლოების/გამოსახულებების დატანა საგამოცდო ფურცელზე, რაც არ არის დაკავშირებული დავალებასთან.
  8. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ დაუშვებელია საგამოცდო ოთახის დატოვება შესვენებამდე.
  9. კანდიდატს უფლება აქვს პროცედურულ და ტექნიკური საკითხებზე კითხვით მიმართოს ზედამხედველს.
  10. იმგვარი ნივთის/ტექნიკური საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის გამოყენებაც აკრძალულია გამოცდის მიმდინარეობისას, კანდიდატი მოიხსნება გამოცდიდან.
  11. გამოცდის მიმდინარეობისას სხვა კანდიდატებთან საუბრის შემთხვევაში, პირველი გაფრთხილების შემდეგ კანდიდატი ასევე მოიხსნება გამოცდიდან. კანდიდატი შესაძლებელია მოიხსნას გამოცდიდან სხვა დარღვევების შემთხვევაშიც.
  12. წერითი გამოცდისათვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ კანდიდატმა ნამუშევარი უნდა წარუდგინონ მენეჯერს ან/და ზედამხედველს და მოაწეროს ხელი შესაბამის უწყისში.

 

აკრედიტაციის სქემები და პროგრამები